პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა.
კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროული საქართველოს“ წარმომადგენლები.