პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა – ცესკო ხმების დათვლას იწყებს. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია უძღვებოდა.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
„მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია „ქართულ ოცნებას“
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას“
ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
პრეზიდენტის ასარჩევად 300-წევრიანი კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია.