დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად იჯდა ზაზა სარალიძე და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განაცხადა, რომ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
„როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის ქეისის, რომელიც აქ ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა – აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, მე გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა სამწუხაროდ დააზიანეთ. იმედი მაქვს,პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა მისი მოსმენის შემდეგ პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა და ბოდიშიც მოიხადა, თუკი მისი გამოსვლა ზედმეტად ემოციური იყო.
„პირველ რიგში, პატივცემულო პარლამენტარებო, მინდა მადლობა მოგახსენოთ. ზედმეტად ემოციური გამოვიდა ჩემი მხრიდანაც და თუ გადავცდი ზღვარს, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, თუმცა, როგორც ჩანს, კონკრეტული ადრესატები მეყოლება. არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ, ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ხდება გააზრება იმ პასუხისმგებლობის, რისი აღებაც გვიწევს”- თქვა გახარიამ.
