2019 წლის 19-21 ივნისს თბილისში ე.წ. გავრილოვის ღამის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის ამნისტიის კანონის მიღებას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.
პროტესტის პარალელურად კი, საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება.
აქციის მონაწილეებს, მათ შორის 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, სურდათ, პარლამენტის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე წარწერები გაეკეთებინათ, თუმცა მათ საღებავი პოლიციამ წაართვა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა წერს.
ცნობისთვის, პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.