LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია იმართება

106

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ძიუდოისტების აქცია იმართება. სპორტსმენები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.

“გათავისუფლდეს ქართული ძიუდო, ერთპიროვნული მმართველობისგან”, – ამ მოთხოვნებს აჟღერებენ ძიუდოისტები და ამბობენ, რომ მათ ვარჯიშის, ბრძოლებისა და მოგების გარდა არაფერი სურთ

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ კომპრომისზე წასვლას და თავდაპირველივე მოთხოვნა, ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში რჩება. მათივე განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილია კრიზისული სიტუაცია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

აქცია მშვიდობიანია და ყველა მონაწილე, გამოსვლისას განმარტავს, რომ იქ პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება.

ორგანიზატორებმა, ადგილზე მისულებს, სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორებით, უცხოელი სპორტსმენების ვიდეომიმართვები აჩვენეს. მათი თქმით, უცხოელი სპორტსმენების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

პარლამენტის წინ მიმდინარე ძიუდოისტთა აქციაზე ზურაბ ზვიადაურიც მივიდა. მან ძიუდოისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ქევხიშვილოს აქვს სურვილი, რომ გადადგეს, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევენ.

„დარწმუნებული ვარ თვითონ უნდა წასვლა მაგრამ არ უშვებენ ვიღაც ვიღაცეები. ასე უჭირავთ ქეჩოთი ქევხიშვილი და არ უშვებენ. საძმაკაცო ჰყავს, ოჯახური კლანი ჰყავს მართავენ ქევხიშვილს. არ უშვებენ და მართავენ ქევხიშვილს,“ – განაცხადა ზურა ზვიადაურმა თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობს ის პირებში, რომლებიც მისი თქმით ქევხიშვილს მართავენ, ოლიმპიურ ჩემპიონს არ დაუსახელებია.

გარდა ძიუდოისტებისა, პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან სპორტის სხვადსხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ძიუდოისტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

24 მაისს დავით ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. ქევხიშვილმა ძიუდოისტებს შესთავაზა, რომ წარმოედგინათ მათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში ქევხიშვილის თანაშემწედ დაინიშნებოდა. ის ასევე, სთავაზობდა მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ძიუდოისტებისთვის მისაღები ადამიანის დანიშვნას.

ამ შეთავაზებას ძიუდოისტებიმა უარყოფითად უპასუხეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g