ახალი შემზღუდავი რეგულაციების დაწესების შემდეგ სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში, რომელიც “დიდი დიღმის” უბანს ეკუთვის რამდენიმე გულისამაჩუყებელი პოსტი გავრცელდა.
სიკეთე გადამდებია – ადამიანები სხვადასხვა სახის დახმარებებს სთავაზობენ მოქალაქეებს.
ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა ერთ-ერთ საცხობში, სადაც 200 ლარი დაუტოვა მეპატრონეს და სთხოვა, რომ 200 პური უფასოდ დაარიგებინა მათთვის, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა.
ამის შემდეგ იყო მორიგი პოსტი, რომელშიც სტილისტი უფასო მომსახურებას სთავაზობდა პატარებს.
ამ ამბავს მოჰყვა მორიგი ინიციატივა – პროფესიით ექთანმა, 8 შვილის დედამ დაწერა, რომ სახლში მყოფ კოვიდ პაციენტებს უსასყიდლოდ გაუკეთებდა გადასხმებს.
ამას მოჰყვა ახალგაზრდა ბიჭის (6 შვილის მამა) შეთავაზება მათ, ვინც სამსახურში ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებს სიარულს.
“ჩემი მანქანით და ბენზინით მოგემსახურებით და ცოტა ფულის მოცემაც შემიძლია”.
დღეს კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა. კეთილისმსურველი წერს, რომ მას დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული აქვს და უფასოდ დაარიგებს.
“ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს პირველადი მოხმარების პროდუქტები.
საჩუქრების სია: პური -100 ცალი, კომბოსტო -100კგ, კარტოფილი -100კგ, ვაშლი-100 კგ, მანდარინი -50 კგ. ხინკალი -600 ცალი, ტუალეტის ქაღალდი- 100 ცალი, კარაქი 10 ცალი – ამ წუთიდამ მარაგის ამოწურვამდე”.
ამ სახის პოსტები არ ილევა და ყოველდღიურად ემატება კეთილი საქმის კეთების მსურველთა რაოდენობა. ჯგუფში თითქმის ყოველდღიურად იდება პოსტები ახალი ინიციატივების შესახებ, რომელიც ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად.
ამ ფაქტს დღეს, ირინა სარიშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ “სულ პატარა სინათლის სხივი უკუნ სიბნელეს ამარცხებს”.