მმართველი გუნდის მიერ, მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მაშინ როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, “პატიმრობაში მყოფი ადამიანის დაცინვა ხელფეხშეკრული ადამიანის ცემის ტოლფასია”.
“ეს პროცესი თუ გაგრძელდა ისე, როგორც ახლა ვაკვირდებით, შეიძლება, დიდი ალბათობით, ტრაგიკული შედეგით დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლებაშია ძალა, რომელსაც სამწუხაროდ, ჰუმანურობის არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნია იმიტომ, რომ შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს სააკაშვილი და აბსოლუტურად ნორმალურია, როცა განსხვავებული აზრი არსებობს მასთან მიმართებით, მაგრამ პატიმრობაში მყოფი ადამიანის დაცინვა, მით უმეტეს, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ხელფეხშეკრული ადამიანის ცემის ტოლფასია.
აი, ამას ვაკვირდებით ყოველდღე, ხელფეხშეკრულ ადამიანს სცემს “ქართული ოცნება” და მისი სპიკერები. ეს არის არაჰუმანური და უპასუხისმგებლო საქციელი. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს ჩვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. თუ “ქართულ ოცნებას” ნდობა არ აქვს იმ სპეციალისტების მიმართ, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს წარმოადგენენ, მაშინ მოიწვიონ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი სპეციალისტები და მათი დასკვნის საფუძველზე იმოქმედონ. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” სრულად დესტრუქციული ძალაა.
პასუხისმგებლიან ძალას უნდა აინტერესებდეს, რომ ეს პროცესი ტრაგიკული შედეგით არ დასრულდეს. ჩვენს ქვეყანას დამატებითი მადესტაბილიზებელი ფაქტორი არ სჭირდება”, – თქვა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიამ იმსჯელა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს:
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და საჯაროდ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია კონსილიუმის გადაწყვეტილების აღსრულება და აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, როცა ის შეუქცევადი გახდება და შეიძლება ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს.
რაც შეეხება აქციაში მონაწილეობას, პარტიამ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა და “ლელო” აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრული უპასუხისმგებლობა და არაჰუმანურობის მკაფიო გამოხატვაა, როდესაც კონსილიუმის გადაწყვეტილების იგნორირება ხდება”, – თქვა ჯაფარიძემ.