გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება, ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ განაცხადა.
მან მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
„ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს ღირს ალექსი სენაკელს და სხვა მოღვაწეებს შემწეობისა და მფარველობისთვის. მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ნდობისთვის.
თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად, ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად პასუხისმგებლობა. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება“,- აღნიშნა შიო III-მ.
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო.
