„ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, „ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან და განვითარებული მოვლენების გამო ღელავენ“.
„ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგშია შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და, როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს, პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება…
ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინათ. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა.
ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.