LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირი შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

102

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, პეკინის გამზირი, რეაბილიტაციის შემდეგ, შესაძლოა ცალმხრივ ქუჩად გადაკეთდეს.

მისი თქმით, ეს მოსაზრება სპეციალისტებს აქვთ და რეაბილიტაციის პერიოდში, ამ იდეის განხორციელების პრაქტიკულ მაგალითს დააკვირდებიან.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 თვიანი პერიოდია აღებული. თუმცა, ამ სამუშაოებში ჩართული ექსპერტები პეკინის სრულად გაცალმხრივების შესაძლებლობას განიხილავენ.

ეს სამუშაოების პერიოდი კი არის იდეალური მომენტი, რომ მოვახდინოთ პრაქტიკული დაკვირვება იმაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ პეკინის გამზირი, რეაბილიტაციის შემდეგაც ცალმხრივი დარჩეს“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია, რომ ტროტურარები 70 სმ-ით გაფართოვდეს, რაც ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

გარდა ამისა, განიხილება გამზირზე ველობილიკის მოწყობის შესაძლებლობაც.

 „ეს პერიოდი დავაკვირდებით. სამუშაოების დაწყებიდან უკვე თვენახევარში გვექნება შედეგები, თუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს“,– აღნიშნა მან.

როგორც მან „ფორტუნასთან“ აღნიშნა, გამზირზე დარგულ ხეებზე დაგეგმილია ე.წ. მოაჯირების მოწყობა, რომლებსაც შესაძლოა სკამების ფუნქცია ჰქონდეს.

პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 ივნისს იწყება. გზის რეაბილიტაციის გამო, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

 

magti 5g