იაპონიაში 66 წლის პენსიონერმა, რომელსაც ჟურნალისტები უბრალოდ „С.“-ს უწოდებენ, ლატარიაში 600 მილიონი იენი მოიგო და ცოლისთვის ამის გამხელა არც უფიქრია. უჩვეულო ამბის შესახებ South China Morning Post წერს.
მამაკაცი მეუღლესთან ერთად თვეში 300 ათას იენს იღებდა, ხოლო მისი ცოლი ფულს მკაცრად აკონტროლებდა: ეკონომიას აკეთებდა, კრძალავდა ზედმეტ ხარჯებს, ქმარს ლუდის ყიდვას უშლიდა და ბიუჯეტური მანქანის შეძენაც აიძულა.
ამიტომაც С. ხშირად ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს იმ იმედით, რომ ერთ დღეს გამდიდრდებოდა. და როცა მართლაც მოხდა სასწაული, მამაკაცს ძალიან შეეშინდა, დარწმუნებული იყო, რომ ცოლი ბედნიერებით ტკბობას არ დააცდიდა. ამიტომაც უთხრა, რომ მხოლოდ 5 მილიონი იენი მოიგო და სახლის შეკეთებას დაჰპირდა.
საქმე კი სულ სხვაგვარად წავიდა: С. ფარულად ყიდულობდა ძვირად ღირებულ მანქანებს, ისვენებდა პრესტიჟულ კურორტებზე და მდიდრულად ცხოვრობდა. თუმცა, სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა, მამაკაცი მალევე შეაწუხა სინდისმა.
„თუ ეს ფული ჩემი შრომით მექნებოდა გამომუშავებული, ვიამაყებდი. მაგრამ სიმდიდრე, რომელიც ძალისხმევის გარეშე მოდის, ცუდ მოგონებებს ტოვებს და სიცოცხლეს გინგრევს,“ – ამბობს ის.
ბოლოს, როდესაც საიდუმლოს შენახვა აღარ შეეძლო, С.-მ დარჩენილი თანხა – 500 მილიონი იენი ცოლისა და შვილების ანგარიშებზე გადაანაწილა, რათა მომავალში მათ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ.