აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში გაანადგურებენ – ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს.
როგორც CIA-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ABC News-თან საუბრისას თქვა, მას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან ბირთვულ ესკალაციაზე აშშ-ს სავარაუდო პასუხთან დაკავშირებით არ უსაუბრია.
„ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით NATO-ს კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველა რუსულ კონვენციურ ძალას ამოიღებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა დევიდ პეტრეუსმა.
დასმულ კითხვაზე, მიიყვანს თუ არა ამერიკასა და NATO-ს ომამდე რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში, პეტრეუსმა უპასუხა, რომ ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს, რადგან უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, თუმცა მისი თქმით, ამის მიუხედავად „აშშ-სა და NATO-ს პასუხი სათანადო იქნება.“
როგორც CIA-ის ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, იმის ალბათობა, რომ რადიაცია NATO-ს წევრ ქვეყნებზე მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშ გავრცელდება, შესაძლოა განიმარტოს, როგორც თავდასხმა NATO-ს წევრზე.