ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სასამართლოში ნელი დოროყაშვილისა (იგივე ნეკა დოროყაშვილი) და მისი შვილის ინტერესებს იცავს, გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელიც მედიაში გავრცელდა, სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით დევს და მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, ეს ჩანაწერი საჯარო სივრციდან აიღონ.
საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც ისმის, როგორ აყენებს ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილსა და მათ მცირეწლოვან შვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ჩანაწერში ასევე ისმის ბავშვის ხმაც. თავად ბასილაშვილი კი ამბობს, რომ ჩანაწერი – „ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილია“.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ბავშვისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია აღნიშნული კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერების გასაჯაროება, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულთა, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და იწვევს მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას.
ჩვენთვის უცნობია ინფორმაციის გასაჯაროების პირველადი წყარო, შესაბამისად, მოვუწოდებთ ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელ ყველა პირს, ასევე მედიას, თავი შეიკავონ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროებისაგან და უზრუნველყონ აღნიშნული ჩანაწერების აღება საჯარო სივრციდან,“ – აცხადებს PHR.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე მორიგი სხდომა 16 თებერვალსაა ჩანიშნული.