“ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება სამ საათზე კანცელარიასთან და პირობას ვაძლევ ყველაზე რეგვენს, ვინც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ზიზღის ენას აფრქვევდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ მოხდება ისე, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე დაემუქროს.” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან საერთაშორისო პარტნიორებთან და არ დაუშვებენ, რომ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე შეექმნას:
“არ მოხდება ისე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას საფრთხე შეექმნას, ამის პირობას გაძლევთ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ვიყავით ზუსტად ამ თავისუფლების ფრონტზე.
საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება დიდია. შეუძლია გადაავლოს თვალი ტვიტერს, რა მძიმე განცხადებები კეთდება. მათ შორის კეთდება განცხადებები, ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს კომუნიკაცია არის მუდმივად, ახლაც კომუნიკაციაა, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება მუდმივი, ყოველწუთიერი, არა მხოლოდ აქაურ დიპლომატებთან, არამედ ჩვენს პარტნიორ დედაქალაქებთან და ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ არ დავუშვებთ, ამ ქვეყნის მომავალს საფრთხე დაემუქროს.
ვიქნებით 10 000, გავიზრდებით, ვიქნებით 20 000 და ნიკა გამოვა თავისუფლებაზე.” – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დაკავეს. ის უკვე გადაყვანილია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
