LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას” – ექსპერტი

26073
Traveler

რეალური საფრთხე თუ საქართველოს მოქალაქეებში შიშის გაჩენის მცდელობა – რას ნიშნავს ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე ღიად ამბობს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩინოთ“, – აცხადებს წულუკიანი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.
“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება”, – აცხადებს თამარ ხულორდავა.

რადიო „ფორტუნა“ სპეციალისტების შეფასებებით და პროგნოზებით დაინტერესდა. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია და ხელისუფლების განცხადებები შიშის გაჩენას არ ემსახურება.
„მე, როგორც ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე იყო ეს თემა არაერთხელ განხილული. ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

ექსპერტის ინფორმაციით, ესპანეთის და საფრანგეთის შემთხვევებში შეჩერების მექანიზმის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს.

ვანო ჩხიკვაძე: „თუ ავიღებთ მაგალითად, საფრანგეთს, 2017 წელს 2700-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 6900-მდე გაიზარდა. ანუ 100%-იანი ზრდაა და მას თავისუფლად შეუძლია ამ მექანიზმის გამოყენება. ბოლო პერიოდში ასეთივე პრობლემა აქვს ალბანეთს. დაახლოებით 4 დღის წინ ამ საკითხზე მსჯელობა ნიდერლანდებმა დაიწყო. რაც შეეხება პროცედურებს, ინიციატორი ქვეყანა ამ საკითხს ევროკომისიასთან წამოაყენებს, აფასებენ სიტუაციას, რამდენად არის ის შიშები და საფრთხეები რეალური, ხდება გადამოწმება, რამდენად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, შემდეგ დგება დოკუმენტი და იწყება კენჭისყრა. თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, შემდეგ დააკვირდებიან სიტუაციას, თუ დამაიმედებელი ნიშნები არ იქნება, შემდეგ 27 თვემდე გრძელდება, ბოლოს კი უკვე „შავი ქვეყნების“ სიაში ვიქნებით, ამის შემობრუნება კი ძალიან რთული იქნება“. 

 

სპეციალისტები გამოსავალს ხელისუფლების ნაბიჯებში ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ამ საქმეს კანონების მიღება და მოქალაქეების დაჯარიმება ვერ უშველის. მათი თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ერთ დღეში ვერ მოგვარდება. ვანო ჩხიკვაძე ვერც საინფორმაციო კამპანიების შედეგებს ხედავს. ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტავს, რომ გორის რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ და ცდილობდნენ, აეხსნათ, რატომ არ უნდა დაარღვიონ სავიზო რეჟიმი ან რატომ არ უნდა მოეთხოვონ თავშესაფარი. „ასეთ დროს ადგება შეხვედრის რომელიმე მონაწილე და გვეტყვის, რომ მისი მეზობელი, რომელიც იტალიაში წავიდა, ძალიან კარგადაა, რომ მისი ორი შვილი სტუდენტია თბილისში და ორი ბინა იყიდეს. ამ დროს კამპანიები და საუბრები აზრს კარგავს“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

ევროინტეგრაციის საკითხებში ექსპერტებისთვის ერთადერთი იმედი თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ როდესაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არაა მთავარი.

„ამას აქვს პოლიტიკური განზომილებაც. იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ პრორუსული ძალების წისქვილზე დაასხამენ წყალს, სავარაუდოდ, ამას გაითვალისწინებენ. მხოლოდ ტექნიკური კუთხით არ უყურებენ, ასე მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ასეთ დროს პოლიტიკური წონა საკმაოდ დიდია“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედებულა. საქართველოს მსგავსად, საფრთხე კი ალბანეთს ემუქრება. დაახლოებით 4 დღის წინ, ამაზე მსჯელობა ჰოლანდიამ დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g