თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86 ინფიცირებულია. 1 პაციენტი დღეს გაეწერება. კიდევ 15-16 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული და მოვიდა უარყოფითი პირველადი. გაგაზვნილია დღეს მეორადი და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა“– განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება კლინიკაში განთავსებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანი განმარტავს, რომ ამ დროისათვის, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებულებს შორის ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ. რატიანი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში მისი მდგომარეობაც გაუმჯობესდება. კლინიკაში მოთავსებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსის დადასტრებული შემთხვევების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. 156 გამოჯანმრთელებული, 6 პაციენტი კი გარდაცვლილია.