2017 წლის ბოლოდან ფიბა სრულიად ცვლის საკონტინენტო და მსოფლიო ჩემპიონატების სისტემას. ცვლილება შეეხება როგორც ტურნირების გამართვის პერიოდულობას, ასევე მასში მოხვედრის სისტემას. სწორედ ახალ სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა ის სამუშაო კონფერენცია, რომელიც ფიბა-მ გერმანიის ქალაქ მიუნხენში თავისი წევრი ქვეყნებისთვის ჩაატარა და რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრო. კონფერენციაზე კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანაშემწე გიორგი გაჩეჩილაძე და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძე იმყოფებოდნენ.
„კალათბურთი ბრუნდება სახლში“ – ესაა ლოზუნგი იმ ახალი სისტემისა, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება. მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ცალკე შესარჩევი ტურნირი გაიმართება. აქამდე მსოფლიოს პირველობაზე გუნდები კონტინენტურ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგებით ხვდებოდნენ. საქართველო, ან ნებისმიერი ევროპული ნაკრები მუნდიალზე რომ გასულიყო, ევრობასკეტზე საუკეთესოთა შორის უნდა მოხვედრილიყო.
ცვლილების შედეგად, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსად, 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. 2017 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით 2-წლიანი ინტერვალის ბოლო ევრობასკეტი ჩატარდება, რის შემდეგაც, ნოემბერში სტარტს აიღებს მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირი. ეროვნულ ნაკრებებს საშინაო თამაშების გამართვა მოუწევთ ფიბა-ს მიერ შემოდგომასა და გაზაფხულზე სპეციალურად დაწესებული ფანჯრების პერიოდში. ამ სისტემას ახლავს ბევრი დეტალი და ნიუანსი, რომელსაც მიუნხენში გამართული კონფერენცია მიეძღვნა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა მიმდინარე წლის 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გაიმართება. საკვალიფიკაციო მატჩები ორ ეტაპად ჩატარდება. შესარჩევის პირველ სტადიაზე ევროპის 32 ნაკრები ითამაშებს. ევროპიდან მსოფლიოს 2019 წლის მუნდიალზე 12 ქვეყანა იასპარეზებს. 2019 წლის პლანეტის ჩემპიონატს ჩინეთის ქალაქები შანხაი, ვუჰანი, გუანჯოუ, ნანკინი და პეკინი უმასპინძლებენ.