პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი.
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. პირველ რეისის 228 მგზავრი ჩამოყვა, რომელთაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს კომერციული დირექტორი ირაკლი ნასიძე.

