„ბუნებარე“ პირველი გარე სწავლების ბაღია საქართველოში, რომლის განსაკუთრებულობა ადრეული განათლებიდანვე გარე სივრცესთან მჭიდრო კომუნიკაცია, ბუნებაში აქტიური სწავლება და თამაშია.
უნიკალური ბაღი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და აქ ფოტომასალასთან ერთად, თავმოყრილია სრული ინფორმაცია როგორც თავად „ბუნებარეს“, ისე მისი დამფუძნებლების შესახებ.
სოციალური ქსელიდანვე ვიგებთ, რომ „ბუნებარეს“ პროგრამების ხელმძღვანელი და დამფუძნებელი თამარა ჩაკვეტაძეა, რომელიც ალტერნატიული პედაგოგიკის, ბავშვთა გენდერული სოციალიზაციის მკვლევარი და მშობლობის ტრენერია.
როგორც პირველი გარე სწავლების ბაღის დამფუძნებელი ამბობს, „ბუნებარეს“ დაარსების იდეა წამოვიდა მისთვის ძვირფასი სამი მნიშვნელოვანი სიტყვიდან: ბუნება, ბავშვები და ბაღი.
„სკანდინავიური მეთოდი“, რითიც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული მათგანი განხორციელდეს ერთ სივრცეში. „ბუნებარეს“ გუნდი შედგება იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ბავშვობა ასოცირდება ტყეში აქტიურ განათლებასთან, ცნობისმოყვარეობასთან და თამაშთან. ტყის ბაღების ერთ-ერთი ცნობილი ფრაზაა: „არ არსებობს არასასურველი ამინდი, არსებობს შეუსაბამო ტანსაცმელი“. ჩვენი მიზანია ბავშვებისთვის ალტერნატიული საგანმანათლებლო კერის შექმნა, სადაც თამაშით სწავლება ყოველდღე ახალ თავგადასავლად იქცევა, ყველა სეზონზე“ – აცხადებს თამარ ჩაკვეტაძე.
აღსანიშნავია, რომ ტიპური შიდა სწავლებებისგან განსხვავებით, გარე-განათლების ალტერნატიული სისტემა მოიცავს ფიზიკური აქტივობისა და არასტრუქტურირებული თამაშის ნაზავს, რაც ბავშვის ჯანსაღი განვითარების და შემეცნების მთავარი საფუძველია.
„ჩვენი მიზანია, ბუნებაში ცნობისმოყვარეობაზე დაფუძნებული მიდგომა გახდეს თანამედროვე სწავლების დღის წესრიგი. ტყეში თამაშით და შემეცნება, რომელიც ადრეული განათლების მთავარ საძირკველს წარმოადგენს, გაცილებით ღრმა ცოდნას იძლევა ეკოლოგიაზე, ბიოლოგიაზე, ზოოლოგიაზე, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ინჟინერიაზე… ყველაზე ცნობისმოყვარე ასაკში“, – განმარტავენ ბაღის მენეჯმენტში.
აღსანიშნავია, რომ „ბუნებარეში“ რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ დროისთვის, ბაღი ორიენტირებულია 4-6 სკოლამდელ ბავშვებზე, მათზე, ვისაც თვითმომსახურების საკითხები მოწესრიგებული აქვთ, ძილის რეჟიმი, პამპერსის გარეშე მოძრაობა და ა.შ. რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას,
ამჟამად, ეს შაბათ-კვირის ბაღია. საპილოტედ, დღეში 4 საათია განკუთვნილი საბავშვო პროგრამებისთვის, ყოველ შაბათ-კვირას.
ცნობისთვის, გარე სწავლების პირველი ბაღი საქართველოში თბილისში, დიღმის ტყე-პარკში მდებარეობს.