ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) ოდენობით.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი ადგილობრივ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, დაუტ ხუტაბამ გააკეთა და თქვა, რომ მოქალაქეები ამას თავად ითხოვდნენ:
„მე თვითონ მივეცი დიდი ინტერვიუ რუსულ მედიას და ვიმედოვნებ, რომ ბევრი ინფორმირებული ტურისტი, კანონის დებულებებს დაიცავს. ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ“, – განაცხადა ე.წ დეპუტატმა.
მანვე აღნიშნა რომ, მანამდე დაწყებული პროცესის [კანონის მიღების] დასასრულებლად, გაგრისა და ბიჭვინთის ბევრი მცხოვრები უჩიოდა, რომ „მუდმივად ჰქონდათ ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ითხოვდნენ ამ ნორმის შემოღებას“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 8 ივნისს ე.წ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი სხეულით ან საცურაო კოსტიუმით გამოჩენა აიკრძალა.
