საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირველი არხის ჟურნალისტებზე არნახული ზეწოლა ხორციელდება.
მათივე თქმით, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და ტელეარხს მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითხოვს, პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეთ.
პირველ არხთან აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და არხის თანამშრომლებს შორის კამათი იყო
პროტესტის მონაწილეებს კოსტავას გამზირი გადაკეტილი აქვთ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
“მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება.
კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.
ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ “პირველი არხი” იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობას და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.