LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი მოქალაქის ატესტატი, პასპორტი… საქართველო 100 წლის წინ

117 წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს დაიბრუნა. ეს იყო ქვეყნის უახლესი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და მნიშვენლოვანი დღე, როცა მაშინდელი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და თქვა, რომ საქართველო იქნებოდა დემოკრატიული რესპუბლიკა, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით, ომიანობის დროს ნეიტრალიტეტითა და ქვეყანაში დასავლური კურსის გატარებით. ჯერ კიდევ 100 წლის წინ, დამოუკიდებლობის აქტით, ქვეყანა აცხადებდა, რომ მაღალი სტანდარტი ექნებოდა და მის საზღვრებში დაიცავდა ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესის, სარწმუნოების, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1919 წლის თებერვალში პირველად ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც 21 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. ამასთან, ბევრ მაშინდელ ევროპულ სახელმწიფოზე ადრე, საქართველომ არჩევნებში კენჭისყრის უფლება ქალებსაც მისცა, რათა მმართველ რგოლში მდედრობითი სქესის მუშაკები ჰყოლოდა. ასეთი კი იმ წელს 17 კანდიდატიდან, 5 აირჩა. ახალ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ პირველი სხდომა, არჩევნებიდან მალევე, 12 მარტს გამართა, სადაც კრებამ დამოუკიდებლობის აქტს კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი და დაადასტურა ერთი წლის წინ გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა.

საქართველო უკვე შეიძლება ითქვას, ამ დროს პოლიტიკური ინსტიტუტებით ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. შესაბამისად, საჭირო გახდა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებზე: დროშაზე, გერბსა და ბეჭდებზე მუშაობის დაწყება.

ამასთან  დამოუკიდებელ ქვეყანას განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა ფინანსების სწორად განკარგვა, რაც ბიუჯეტის შედგენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

„ფორტუნამ“ მოიძინა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტი, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებდა ქართული ფულის ერთეული – ბონი, ხარჯთაღრიცხვა, მაინც მანეთის ვალუტაზეა. მუზეუმებსა და არქივებშია დაცული 1919-1920 წლების ბიუჯეტის დოკუმენტი. ყალბი ბონის დამზადებისთვის კი, კუპიურაზევე იყო დატანილი, რომ დაისჯებოდა დამნაშავე სისხლის სამართლის წესით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ დროს ფულის ერთეული იყო, საქართველოს ტერიტორიაზე გამოშვებული პირველი ქაღალდის ფული – ბონი. დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ 1919-1920 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 1 163 564 485 მანეთს. ამ წელს დოკუმენტის შემდგენლები ვარაუდობდნენ, რომ  ბიუჯეტში პირდაპირი გადასახადების წილი 108 929 700 მანეთი იქნებოდა. ყველაზე მეტი შემოსავალი კი, 747 369 760 მანეთი გათვალისწინებული იყო სახაზინო ქონებიდან და თანხებიდან.

აქვე მოიძიებთ ცნობებს, თუ რა გზებით უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის შევსება. ეს იყო, სასმელების გადასახადი, რომელიც დოკუმენტის ავტორების ვარაუდით, იქნებოდა 70 მილიონი მანეთი. გარდა ამისა, აქვეა ჯარიმა სასმელების გადასახადის დადგენილების დარღვევისთვის, რაც 100 ათას მანეთს შეადგენდა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, იგივე გასავალს, აქ ჩამონათვალი ვრცელია.

დამფუძნებელთა კრების წევრებისა და თავმჯდომარის მოადგილის შენახვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო განათლების სამინისტროს, სამხედრო სამინისტროს, გარე საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მიწათ-მოქმედების სამინისტროს, გზათა სამინისტროს, შრომის სამინისტროს და სახელმწიფო კონტროლის ხარჯები.

დამოუკიდებელი საქართველო, ვიდრე სრულად გააცნობიერებდა ამ სიკეთეს, დახვეწავდა ინსტიტუციებსა და განავითარებდა პრინციპებს, მალევე კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

3 წლიანი დამოუკიდებელი ცხოვრება და პირველი ნაბიჯები რუსეთის იმპერიის გარეშე, 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა. ქვეყანა კვლავ რუსეთის იმპერიის მარწუხებში აღმოჩნდა.

იმ დღეს კოლაუ ნადირაძე ასე იხსენებდა:

“თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები