LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუნამოების პრინცი” – მილიონერად ქცეული ქართველი ემიგრანტის საუკუნოვანი ისტორია

ხონი – ნიუ იორკი, ყვარელი – პარიზი, ჩოხატაური – ლევილი, ქუთაისი – ნიცა – ეს არც ახალი ავია რეისებია და არც რომელიმე ტურისტული კომპანიის შემოთავაზება, ქართული სოფლებიდან გზა ევროპისა და ამერიკის ცენტრამდე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა და ემიგრანტებად ქცეულმა პირველი რესპუბლიკის  წევრებმა გაიარეს.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მსფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულმა ქართველმა ემიგრანტებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ ქვეყნების კულტურულ განვითარებაში, სადაც ცხოვრებდნენ.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათავესთან მყოფ ადამიანებს მოუხდათ ოკუპაციის დროს დაეტოვებინათ ქვეყანა, მათი სიცოცხლე სხვადასხვა დროს დასრულდა და მათი ღვაწლიც  დროის შესაბამისად განსხვავებულია, თითოეულმა მათგანმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ეს წარმატება არის ნიშანი იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა გაცილებით უფრო საინტერესო და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა, ვიდრე ის მივიღეთ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობით და შემდეგ 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ,“ – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე.

 

Prince Matchabell – სუნამოების პრინცი

 

“სუნამოების პრინცი”ივანე მაჩაბელი და იტალიელი ვარსკვლავი ნორინა ჯილი

 

ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა და მსოფლიოს საკუთარი “სურნელოვანი” კვალი დაუტოვა, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბელის ძმისშვილი, გიორგი მაჩაბელია.

საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იტალიიდან ამერიკაში მეუღლესთან, ცნობილ იტალიელ მსახიობ ნორინა ჯილთან ერთად გადასახლდა და პოლიტიკური მოღვაწიდან ყველაზე ცნობილ პარფიუმერად იქცა.

ამერიკაში ჩასული ქართველი ემიგრანტი 1926 წელს ქიმიის ცოდნას იხსენებს და საკუთარ კომპანია Prince Matchabell-ს აარსებს. პირველი სუნამო, რომელიც დამზადდა და ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა „საქართველოს დედოფალი“ (Queen of Georgia) იყო.

ქართველი პარფიუმერის მიერ შექმნილი სუნამოს ფლაკონზე მაჩაბელების საგვარეულო გერბი და ქართულჯვრიანი სამეფო გვირგვინი იყო გამოსახული.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ცნობილი ქართველის ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის მინის კომპანიაში გამჭვირვალე მინის ფლაკონი დაამზადეს. მალე გიორგი მაჩაბლის “გვირგვინები” მთელ ამერიკას მოედო.

„ამერიკაში ქალბატონებს თავზე სამეფო გვირგვინები დაადგა პრინცმა, რომელიც არის საქართველოდან,“ – წერდა ამერიკული პრესა სუნამოების ქართველ პრინცზე.

 

 

Queen of Georgia-ს წარმატებული სუნამოების სერია მოჰყვა, მეუღლისთვის მიძღვნილი სუნამო – „პრინცესა ნორინა“ (Princess Norina), „Duchess of York“ და „Wind Song“ იყო.

მისტერ მაჩაბელის ჰობი 10 წელიწადში მილიონიან ბიზნესად იქცა და ამერიკული პარფიუმერიის ნოვატორი გახდა.

კომპანია „Prince Matchabell“ 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შევიდა.

ქართველი ემიგრანტის მიერ შექმნილი “პრინცი მაჩაბელი” დღემდე მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად ითვლება.

კომპანია კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია ისევ „პრინც მაჩაბელის“ სახელით და ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინებით გამოდის.

 

 

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები