LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირველი ქართული კულტურული და ისტორიული ფასეულობა” – პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის “თამარ ცბიერის” ხელნაწერი გაციფრდება

290
1

პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის “თამარ ცბიერის” ხელნაწერი გაციფრდება და მას რედაქტირებისა და დამუშავების შემდეგ, გამოსაცემად მოამზადებენ.

მნიშვნელოვან პროექტს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი, მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 15 ოქტომბრიდან ახორციელებს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის დასკვნითი ნაწილი მოიცავს, შეზღუდული ტირაჟით, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის 100 საოპერო კლავირის დაბეჭდვას, მათი შემდგომში თბილისისა და ქუთაისის ოპერის თეატრებისათვის, ასევე კომპოზიტორთა კავშირის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელოვნების სასახლის და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლებისათვის საჩუქრად გადასაცემად.

აღნიშნული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების ნაწილი პროექტის პარტნიორებს წარმოადგენენ. კლავირები ასევე სახსოვრად გადაეცემა მელიტონ ბალანჩივაძის მემკვიდრეებს.

დაგეგმილია ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, “თამარ ცბიერის” გამოცემასთან დაკავშირებული საგანგებო ღონისძიება, პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო.

პროექტის მონაწილეების განცხადებით, ხელნაწერის გაციფრებით, თაობებს პირველი ქართული კულტურული და ისტორიული ფასეულობა შემოენახება.

 

 

თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის ინფორმაციით, პროექტში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, ასევე პროექტის თანაავტორი და ხელმძღვანელი, მუსიკოლოგი მარინა ქავთარაძე, დიზაინერი მანანა გუნია-რომანო, მხატვარი ელენე მელქაძე.

ამ ეტაპზე განხორციელებულია საუმშაოების – გაციფრებისა და კორექტირება-რედაქტირების 30 პროცენტი. შემდგომი ეტაპია საოპერო კლავირის, (ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის) გაფორმება და დიზაინი, რომლისთვისაც სპეციალურად მოწვეული მხატვარი ელენე მელქაძე ორიგინალურ ნახატს შექმნის.

მელიტონ ბალანჩივაძის თამარ ცბიერის აღდგენა-გაციფრება-გამოცემის პროექტის ავტორი და მენეჯერი დავით გოგოლაშვილია.

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულ კავშირში აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ, კავშირი კვლავ  გააგრძელებს ამ მიმართულებით საქმიანობას – იგეგმება კიდევ ერთი ქართული ოპერის, რევაზ გოგნიაშვილის “ქრისტინეს აღდგენის” გამოცემა.

“ორგანიზაცია სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასა და დონორებთან აქტიურ თანამშრომლობას და მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ვრცლად ოპერის შესახებ:

ოპერაზე “თამარ ცბიერი” მელიტონ ბალანჩივაძე სამი ათწლეული მუშაობდა და საქართველოში პირველად, 1926 წლის 6 აპრილს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა.

გაცილებით ადრე, 1897 წელს, ეს ნაწარმოები პეტერბურგში, რუსი არტისტების მონაწილეობით არასრული სახით შესრულდა, თუმცა მისი ქართული პრემიერა, რიგი მიზეზების გამო დაგვიანდა. ოპერა “თამარ ცბიერი” ლიბრეტო აკაკი წერეთლის ერთსახელიან ისტორიულ სიუჟეტზე დრამატული პოემის მიხედვით შექმნა კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა, ხოლო თავად ოპერაში აღწერილია იმერეთის დედოფალ თამარის ცხოვრება.

ოპერის ავტორისეული ხელნაწერები ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში ინახებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g