პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პლებისციტთან დაკავშირებით მისი და პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პოზიცია უარყოფითი იყო, მას არ ემხრობა და ეს ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის.
„პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკოს პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის” – ამბობს იოსელიანი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას:
“პოლიტიკური კრიზისი რამენაირად უნდა იყოს დაძლეული. ამისთვის მოლაპარაკებები გარდაუვალია. იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩვენი პარტიული ინტერესი დღეს გვერდზე უნდა გადავდოთ. კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს.” – თქვა ლევან იოსელიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რიგგარეშე არჩევნების საჭიროებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს შეთანხმება.
