LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტი ბაბუა, ჭაჭის არაყი და მშვენიერი მუსიკოსი – როგორ ხვდებიან ახალ წელს მოხუცთა სახლში (ვიდეორეპორტაჟი)

128

ნაძვებიანი ეზო, საბჭოთა სტილის შენობა და აბრა – ხანდაზმულთა პანსიონატი. ადგილი,  სადაც ყველაზე ოჯახურ დღესასწაულს ოჯახის გარეშე ხვდებიან. პირველი, რასაც ხმაურიანი ქუჩიდან  შესვლისას აფიქსირებ, უჩვეულო  სიწყნარეა და ძალაუნებურად ფეხაკრეფით სიარულს იწყებ. გგონია, ოთახებში შეკეტილ ბინადრებს ხმაურით შეაწუხებ, მერე კარზე ფრთხილად აკაკუნებ და… ოთახიდან მხიარული თვალები გეგებება – “შემოდით! რა კარგია, რომ მოხვედით, დილიდან გელოდებოდით, სად დავჯდე? სად უნდა ჩამწეროთ? როგორ სჯობს?“ – უამრავ კითხვას გვაყრის ბაბუა ვიქტორი და ხვდები, რომ აქამდე სტერეოტიპულად გიფიქრია.

ვიქტორ სოლოშვილს 3 ბიჭი ჰყავდა. პანსიონატში მეუღლის და უფროს ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. ამბობს, რომ შვილები და შვილიშვილები ხშირად მოიკითხავენ ხოლმე. იგრძნობა, ამაზე საუბარი არ უყვარს, სამაგიეროდ დიდი შემართებით გვიყვება პანსიონატში ცხოვრებაზე.

ოთახის კედლებზე სიგელებია გამოფენილი. რაში აღარ მიუღია ბაბუა ვიქტორს ჯილდო, აქტიურობაში, ლექსების წერაში, მედიასთან ურთიერთობაშიც კი, სულ ბოლო კი ნარდის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის დაუმსახურებია. საუბრისას  მაგიდაზე გადაფარებულ სუფრას სწევს, სადაც ცხოვრების მეორე, სევდიანი ნაწილი ინახება. ტელეფონის ნომრები, წერილები, ფოტოები…

გვიყვება სოფლის სახლზე, სადაც გაიზარდა, მხიარულ ხმაში პერიოდულად სევდა ეპარება და ცდილობს, განწყობა არ გაგვიფუჭოს. დამშვიდობებისას შევთანხმდით, რომ მოცალეობის ჟამს აუცილებლად ერთხელ ნარდს ვითამაშებთ.

ისევ დერეფანი, ოღონდ ამჯერად ფეხაკრეფით აღარ მოძრაობ. ხვდები, რომ აქ უცხო ფეხის ხმა ყველაზე მეტად ახარებთ და აბედნიერებთ.

სტუმრებს რა სჯობს, დღე გავა, გამრავალფეროვნდებაო“, – გვეუბნება 85 წლის ქალბატონი მედიკო,  რომელიც პანსიონატში 18 წელია ცხოვრობს.

აფხაზეთიდან დევნილს მეუღლე თბილისში გარდაეცვალა, შვილი არ ჰყოლია და სიბერის გატარება პანსიონატში თავად გადაწყვიტა. სტანდარტულ კითხვაზე –  რაზე ოცნებობს სააახალწლოდ, ამბობს,  რომ ამ ასაკში ოცნებები ნაკლებად აქვთ. სამაგიეროდ აქვს სურვილი,  რომელსაც სადღეგრძელოს გარეშე ვერ იტყვის და… ოთახში მდგარი ტუმბოდან არყის პატარა ბოთლი გამოაძვრინა. როგორც ოპერატორი ლევანი ამბობს, არაყი ნამდვილი ჭაჭის იყო. მედიკო ბებომ დაგვლოცა და მისი საყვარელი კანფეტებიც ჩამოგვირიგა.

ისევ იგივე დერეფანი, ამჯერად უკვე ჭაჭისარაყნასვამებმა გამოვიარეთ და განწყობას თვითონაც გამოიცნობთ.

შემდეგი მასპინძელი ქალბატონი გულსუნდაა. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ულამაზესი ცისფერი თვალებია, შემდეგ კოხტად მორთული ოთახი,  ფანჯარაზე ნაძვის ხით და ტუმბოზე პაწაწინა სუნამოებით. ისტორია მასავით მშვენიერი ნამდვილად არ არის. მამის გარდაცვალების შემდეგ, 5 წლის იყო, როცა დედამ 6 თვის ძმა კალთაში ჩაუსვა და ქუთაისის ბავშვთა სახლის კიბეებზე დატოვა. შემდეგ იყო ბავშვობა მკაცრ დედობილთან, ბედნიერი ახალგაზრდობა და ერთადერთი შვილი, რომელიც ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს.

დამშვიდობებისას ჩვენთვის ფორტეპიანოზეც დაუკრა და პანსიონატიდან თბილი, სევდიანი და ამავდროულად საახალწლო განწყობა გამოგვატანა.

 

თამუნა გოგუაძე

magti 5g