“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი პოლიციელის გინების საქმეზე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
მოსამართლის განცხადებით, თაბაგარის მიერ პოლიციელის უცენზუროდ მოხსენიება არა კრიტიკა, არამედ შეურაცხყოფა იყო და არღვევდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს.
მუხლი ითვალისწინებს ან ფულად ჯარიმას, ან რამდენიმედღიან პატიმრობას. შსს საქმეზე თაბაგარისთვის 15-დღიან პატიმრობას ითხოვდა.
აღნიშნული საქმე 5 ივლისის მოვლენებს უკავშირდება. თაბაგარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც “თბილისი პრაიდის” ოფისი ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა დაარბიეს, მას პოლიციელმა დაურეკა და ზარალის აღწერის მიზნით, ოფისის გაღება სთხოვა.
“იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო.” – განაცხადა თაბაგარმა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რადგან მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციელების ქმედება ნებისმიერ კრიტიკას იმსახურებდა და თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა პრინციპული მნიშვნელობისაა.