პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვის უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმაც.
როგორც გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.