LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

134
საბა ჯიქია

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მისი თქმით, ყველა მონაწილე მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი, თუ რის საფუძველზე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მჭედლიშვილის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო. მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ფეხი ჩაარტყა, საბა ჯიქია იყო.

განაჩენის გამოცხადებამდე, საბა ჯიქიამ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა:

„უღრმესი მადლობა ჩემი გულშემატკივრობისთვის, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. რთულია იმის ყურება, როგორ ცდილობენ იძალადონ თქვენზე და როგორ ჩაახშონ თავისუფალი აზრი.

მე შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, რადგან მეშინია დამარცხების და არ მინდა მომავალმა თაობებმა მარცხის გამო გაგვკიცხონ, არ მინდა ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში და უსამართლობაში გაიზარდოს.

4-დან 7-წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა, ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი, თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის ძალიან მაგარი მოსაყოლი მექნება, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად“, – განაცხადა საბა ჯიქიამ.

ცნობისათვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ის თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

საბა ჯიქიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც:

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ს.ჯ. თავს დაესხა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ფეხი დაარტყა ძირს დავარდნილ პოლიციელს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g