რამოდენიმე სიტყვით მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელის სახელით და შსს-ის თითოეული თანამშრომლის სახელით სწორედ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას პლენარულ სხდომაზე უსმენენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხდება პოლიციის მხარდ წარმოჩენა, ხოლო პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ კამპანიური სახე მიიღო. მინისტრი ამბობს, რომ შეინიშნება მცდელობებიც, შეუზღუდონ პოლიციას ქმედებების არეალი. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება საქართველოს ვერც ერთ ტერიტორიაზე ვერ შეიზღუდება.
“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია როგორც ასეთი გახადონ მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად შსს-ის პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როცა ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური.
ეს ერთი, მეორე ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი გახლვათ ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და ამ საკითხში, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იღებს კამპანიურ ხასიათს და აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ სუყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში.
მესამე კომპონენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა – გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის ქმედებების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, არ ვიცი, კლუბები და კიდევ სხვადასხვა სახის ცნებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერსად და ვერასდროს.
ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ განსკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი თუნდაც, საზღვარი უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის ერთი რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესი, ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
