LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ვითარება როცა რთულდებოდა და გარკვეული მოლაპარაკებები მიდიოდა, კარლ ჰარცელს ყოველთვის ეჭირა პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს – ირაკლი კობახიძე

90
კობახიძეჰარცელი

კარლ ჰარცელი განსაკუთრებით, კულისებში გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ეს ბევრჯერ ვნახეთ, სხვადასხვა მომენტში. ძირითადად, როდესაც პოლიტიკური ვითარება რთულდებოდა ხოლმე და გარკვეული მოლაპარაკებები მიდიოდა, მას ყოველთვის ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, არა ხელისუფლების და მმართველი გუნდის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს. მისი პოზიციიდან, მათ შორის, კონკრეტული გამონათქვამებიდან ეს პირდაპირ ჩანდა, იგივე დახურულ სივრცეში და საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით, კულისებში ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ. ძირითადად, ეს ხდებოდა კულისებში. დეტალებს არ გავშლი, მაგრამ ეს მოხდა არა ერთგზის და ორგზის, არამედ ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ის მოქმედებდა, არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი. მე ეს ვუთხარი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას –  რა არგუმენტები აქვს იმ კრიტიკის საფუძვლად, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ გამოთქვა, როცა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე შემთხვევაში ჰქონდა სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი პოზიციები და რას ნიშნავს „ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს“.

„ერთ-ერთი შეხვედრა მახსენდება, რაც პატარა მაგალითია. ამ შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხზე იყო საუბარი და ჩვენი მხრიდან დასაბუთებული იყო ბოლომდე, რომ სამართლებრივად წელში ვიყავით გამართული. ამაზე მისი პასუხი იყო ჩემგან ეს არის პოლიტიკური გზავნილიო. როგორ შეიძლება, ჯერ ელჩი შენთან მოდიოდეს პოლიტიკური გზავნილით, ელჩი, რომელიც დიპლომატია?! მაქსიმუმ, რაშიც შეიძლება, ელჩი ჩაერიოს, არის ის, რომ თუ რაღაც უსამართლოდ ხდება, მაგალითად, პირობითად, კანონში უსამართლო ცვლილება შედის, შეიძლება, ამაზე მიგანიშნოს. ეს არის ელჩის ფუნქცია და როდესაც სამართლებრივად რაღაცას უსაბუთებ, მაგალითად, კანონში ცვლილებას, რომ არის სამართლიანი და ამაზე გეუბნება, ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი და ასე უნდა გააკეთო, აქ კარგად ჩანს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის მიმართ დამოკიდებულება. ეს არის ძალიან პატარა მაგალითი და რეალურად, ბევრად უხეში შემთხვევები იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერამდე და ხელმოწერის შემდეგ, კარლ ჰარცელი მუდმივად აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g