პოლონეთში, კრაკოვის ნაციონალურმა მუზეუმმა სლოვენიის ნაციონალურ მუზეუმთან ერთად შექმნა ისტორიაში პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის არომატებს ეძღვნება. მისი მიზანი – ისტორიული არტეფაქტების არომატების შენარჩუნებაა, წერს notes from Poland-ი.
სპეციალისტები გეგმავენ, რომ 10 სამუზეუმო ექსპონატის სუნი დააარქივონ (თითოეული ქვეყნიდან 5). მათ შორისაა ყველაზე ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები.
პირველი ნივთი, რომლის სუნიც დააარქივეს, გახდა ლეონარდო და ვინჩის ნახატი „ქალი ყარყუმით“(ტილო კრაკოვის ნაციონალურ მუზეუმში ინახება). არომატის მიღების პროცესს 9 თვე დასჭირდა, ამ პერიოდში სუნს ნახატის ზედაპირიდან იღებდნენ და ლაბორატორიაში ტესტავდნენ. მეცნიერებმა რთული ნაერთის დაყოფა და მისთვის სახელების მინიჭება შეძლეს, როგორც მოსალოდნელი იყო, სუნი კაკლის ხის დაფას, საღებავს და ლაქს ეკუთვნოდა.