Volkswagen-მა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე საწარმოში ტერიტორიის მოვლისთვის უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია მზის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ბალახის სათიბი ტექნიკის ნაცვლად ცხვრის ფარს იყენებს.
ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 27 ჰექტარზე განთავსებულია მზის პანელები, რომლებიც მზიან დღეებში საწარმოს ელექტროენერგიით სრულად ამარაგებს, ხოლო საშუალოდ მისი წლიური ენერგომოხმარების 25%-მდე უზრუნველყოფს.
მზის პანელების ქვეშ ბალახის რეგულარული კონტროლი აუცილებელია, ამიტომ შემოდგომამდე ამ სამუშაოს დაახლოებით 100 დიდი პოლონური ჯიშის ცხვარი შეასრულებს.

სპეციალისტების შეფასებით, ცხოველებს ტერიტორიაზე საკმარისი საკვები და მზისგან დასაცავი ჩრდილი აქვთ, რომელსაც თავად მზის პანელები ქმნის. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ცხვრები უკვე მცირე ჯგუფებად არიან განაწილებული და სხვადასხვა მონაკვეთზე მშვიდად ძოვენ, რაც გარემოსთან წარმატებულ ადაპტაციაზე მიუთითებს.
პროექტი პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მეცნიერები იკვლევენ, როგორ მოქმედებს ინდუსტრიული გარემო ცხოველებზე, რა გავლენას ახდენს მათი ყოფნა ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებაზე და რამდენად ეფექტურია მსგავსი ეკოლოგიური მიდგომა.

თავის მხრივ, Volkswagen-ისთვის ეს ინიციატივა გარემოსდაცვით სარგებელთან ერთად ეკონომიკურ ეფექტსაც ქმნის, რადგან კომპანიას აღარ უწევს მზის პანელების გარშემო ბალახის ხელით ან სპეციალური ტექნიკი გაკრეჭისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა.
