LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიამ გვაჯობა: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა

93

გორის სტადიონზე საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებით ევრო 2017 ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ გორში სრული ანშლაგი იყო.

მატჩის დაწყებამდე ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ლაშა ონიანის დადგმულ ღონისძიებაში ოსეთის, აფხაზეთის, აჭარისა და რუსთავის სახელმწიფო ანსამბლებთან ერთად საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა ჯგუფი – Switch Dance Union მონაწილეობდნენ.

შეხვედრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნილი მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. მატჩის სტარტზე კარგი მომენტები ჰქონდათ არაბიძესა და ჩაკვეტაძეს, მაგრამ ორივე შემთვევაში შემტევებს პორტუგალიელთა მეკარემ აჯობა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა. რუი პედრომ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

მატჩს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ტურნირის მომდევნო შეხვედრას 5 ივლისს 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოU19 0:1 პორტუგალია U19

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო U19:ჩოჩიშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი, ბურჯანაძე, კოხრეიძე (35’ ქოჩორაშვილი), სამურკასოვი (74’ ჩოგაძე), მალი, ჩაკვეტაძე (57’ კვანტალიანი), არაბიძე, საღრიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, კახიძე, არველაძე, ხუბაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: 45’, 73’ ჟედსონ ფერნანდესი, 54’ რუი პირესი, 65’ კუცია, 84’ ჩოჩიშვილი, 84’ რუი პედრო

გაძევება: 73’ ჟედსონ ფერნანდესი

გოლი: 0:1 რუი პედრო (პენ) (66)

 

ჩემპიონატზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ჩეხების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით ტურინა გამოირჩა. შვედთა მხრიდამ გატანილი ერთადერთი გოლი კი გიოკერესის ანგარიშზეა.

შვედეთიU19 1:2 ჩეხეთი U19

 

პირველი სათამაშო დღის შემდეგ „ა“ ჯგუფს 3-3 ქულით ჩეხეთისა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებები ლიდერობენ. მესამე-მეოთხე ადგილზე კი, შესაბამისად შვედეთი და საქართველო არიან.

„ბ“ ჯგუფის გუნდები ასპარეზობაში 3 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 საათსა და 30 წუთზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს ბულგარეთისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრებები შეხვდებიან. 20:00 საათზე კი, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდები ითამაშებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები