პორტუგალიის ქალაქ სინესში კითხვის სიყვარულის გასაძლიერებლად უჩვეულო ინიციატივა იწყება. ადგილობრივი ბიბლიოთეკის პროექტით უფასო წიგნების 13 სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება, მათ შორის კაფეებში, სკოლებში, სპორტულ სივრცეებსა და სამრეცხაოებში.
პროექტი სახელწოდებით „თავისუფალი წიგნები: კითხვა ყველგან“ მიზნად ისახავს, რომ ადამიანები წიგნებს მხოლოდ ბიბლიოთეკაში ან სახლში არ კითხულობდნენ. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ლოდინის, დასვენების ან თავისუფალი დროის გამოყენება კითხვისთვის ბევრად უფრო მარტივი გახდება, თუ წიგნები ყოველდღიურად მონახულებად ადგილებში იქნება ხელმისაწვდომი.
თაროებზე განთავსდება როგორც ბიბლიოთეკისთვის ნაჩუქარი წიგნები, ისე ის გამოცემები, რომლებიც ბიბლიოთეკას ზედმეტი რაოდენობით აქვს. მკითხველებს შეეძლებათ წიგნები ადგილზე გადაფურცლონ, სახლში წაიღონ, მოგვიანებით ნებისმიერ წერტილში დააბრუნონ ან საერთოდაც საკუთარ ბიბლიოთეკაში დატოვონ.
ინიციატივა სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებზეა გათვლილი. ხელმისაწვდომი იქნება საბავშვო ლიტერატურა, რომანები, პოეზია, ქრონიკები და სამეცნიერო გამოცემები.
ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროექტი არა მხოლოდ მკითხველთა რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს, არამედ ადგილობრივი ავტორებისა და ლიტერატურული კულტურის პოპულარიზაციასაც.
პორტუგალიაში ახალგაზრდების წიგნებით დაინტერესების სხვა გზებსაც ეძებენ. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ 13 წლის ფრანსიშკუ ბორგესი მიიჩნევა.

რამდენიმე წლის წინ ბიჭმა ფეხი მოიტეხა და ხანგრძლივი დროით საწოლს მიეჯაჭვა. რადგან ტელეფონი არ ჰქონდა, თავისუფალი დროის წიგნებით შევსება დაიწყო და დღეში რამდენიმე წიგნსაც კი კითხულობდა.
დღეს ფრანსიშკუ კვირაში საშუალოდ ხუთ წიგნს კითხულობს, სოციალურ ქსელებში ლიტერატურულ ბლოგებს მართავს და სკოლებში დადის, სადაც თანატოლებს კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრება.
მისი აზრით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კითხვა არ უყვარს, თუმცა რეალური მიზეზი ხშირად ისაა, რომ პირველი წიგნი, რომელიც ხელში მოხვდა, უბრალოდ მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
სინესის ახალი ინიციატივაც სწორედ ამ იდეას ეფუძნება – წიგნი ადამიანთან რაც უფრო ახლოს იქნება, მით მეტი შანსია, რომ ერთმა შემთხვევით გადაშლილმა გვერდმა ახალი მკითხველი გააჩინოს.