ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი გიორგი წერეთელი სტუმრობდა სიმღერის ,,თუ, თუ” პრემიერით და რამდენიმე სიმღერის ცოცხალი შესრულებით.
მომღერალი სამი კვირა საქართველოში არ იმყოფებოდა, ის დიდი გასტროლიდან დაგვიბრუნდა. როგორც თავად ამბობს, მოიარა კიევი, უკრაინა, სოჩა და ერევანი. მისთვის მუსიკა და სიმღერა სულიერი საკვებია.
სიმღერის ”თუ, თუ” ტექსტი და მუსიკა თავად დაწერა, არანჟირება კი დავით დავიდოვს ეკუთვნის. მისი უცვლელი მუზა სიყვარულია, რომელიც მთავარი გრძნობაა და ჩვენი ამ ცხოვრებაში მოსვლის მისიაა.
გიორგი, დიდი გასტროლიდან დაგვიბრუნდი..მოგვიყევი როგორ ხარ და როგორ ჩაიარა ამ დღეებმა?
მოგესალმებით ჩემო საყვარლებო და კარგებო. რაც არ უნდა იყოს ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ, რადგან პოზიტივი და წერეთელი სულ ერთად არიან. ამას პლუს ემატება შენი ომახიანი ხმა. ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ მომიწია ხანგრძლივი გასტროლი. სამი კვირაა გასული ვარ სამშობლოდან და ახლახანს ჩამოვედი ერევნიდან. რატომღაც პანდემია ნაკლებად შემეხო. ვიყავი კიევში, უკრაინაში, სოჩსა და ერევანში. ამ ქალაქებში კოვიდ პერიოდი ნაკლებად შეინიშნება. მუსიკა და სიმღერა სულიერი საკვებია. ჩვენი ემიგრანტები მონატრებულნი არიან ამ ყველაფერს, ისინი ბევრ ნაწილში ცხოვრობენ. ჩატარდა ძალიან დიდი ღონისძიება, მქონდა საშუალება მემუშავა სომხეთის ნომერ პირველ ბენდთან ერთად, თბილ და კარგ ხალხთან. ბევრი ერთობლივი სიმღერა გვაქვს, ერთ-ერთი კი არის ”მითხარ სად, სად გეძებო”. შევასრულეთ სომხური სიმღერები ქართულ მანერაზე, პოპური და მინდა აღვნიშნო, რომ იქაურმა მსმენელმა კარგად აღმიქვა. ჩამოსული იყო ჩვენი ვალერი მელაძეც, შევხვდით მონატრებით. საერთო ჯამში კი ძალიან ნაყოფიერი გასვლა იყო. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს იყო ქორწილი. პატარძალი კი კიევში გაზრდილი ქართველი გოგო, რომელიც ავსტრიაში სწავლობდა. ისე მოხდა, რომ თამადა მე ვიყავი. სომხეთშიც კი წავიყვანეთ ეს ქორწილი ქართული ტრადიციებით. სადღეგრძელოები და ჩვენი ერთობა ისე შეეწყო ერთმანეთს, რომ ძალიან დავიმუხტე.
გასტროლზე მარტო იყავი წასული, თუ მეუღლესთან ერთად?
კიევში მარტო ვიყავი, ეს ადათ-წესია შორეული წარსულის. მოსკოვში, კიევში ჩვენი მამები ასე დადიოდნენ მარტო, 37 მანეთად (იცინიან). ბევრჯერ ვყოფილვართ ერთად მე და თამილა კიევში. გოგოები ეკითხებოდნენ ხოლმე თქვენი ვინ არის გიორგიო, ეს კი ეუბნებოდა, რომ შორეული ბიძაშვილი ვიყავი. ესეც რა თქმა უნდა იუმორია და ჩვენი ცხოვრების მონაგონი.
როგორც ვიცით მღეროდი ჯაზს, სოულს… ქალაქურზე გადასვლა როგორ მოახერხე?
მოხდა ისე, რომ რესტორნის სცენაზე დავდექი. მივხვდი, რომ საქეიფო, ქალაქური სიმღერები უნდა შემესრულებინა. ერთი და იგივეს მღერა არ მომწონდა, ვსწავლობდი ახალ სიმღერებს. ჩემს პროფესიას პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ადამიანი, როდესაც მოვიდოდა და მეტყოდა რაიმე კონკრეტულის შესრულებას, მე თუ ის არ ვიცოდი მრცხვენოდა. ბევრჯერ ყოფილა, რომ მუშაობის პროცესში მისწავლია სიმღერა და შემისრულებია. რომ მეკითხებიან რამდენი სიმღერა იციო, ვეუბნები 200-250 GB- თქო. მე ვიყავი პირველი საქართველოში, რომელმაც ჩინური “Opa ganga stail” იმღერა. ერთ-ერთ რესტორანში პატარა ბავშვმა მოითხოვა, გიორგი წერეთელი მღერის ამ სიმღერასო. მირეკავდა ჩემი მეგობარი ნუკრი კუხიანიძე და მეუბნებოდა რას გვერჩი რესტორნის მუსიკოსებსო.
პირველი სიმღერა, რომელიც დაწერე?
პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე და ვიხუმრე იყო ”პაჩები და პუჩები”. მას შემდეგ ვხუმრობ და ვმღერი საქეიფო სიმღერებს. რადიო ”არ დაიდარდოს” მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან გიორგი წერეთელი, რომ არსებობს თქვენი დამსახურებაა. ამ სტუდიიდან დაიწყო ჩემი სიმღერების პრემიერა. შემდეგ იყო ბევრი წარმატება და სამი ალბომის პრეზენტაცია, ახლა კი მეოთხეზე ვმუშაობ.
გადაცემის ბოლოს კი ტრადიციულად სიმღერის ”თუ, თუ” პრემიერა, რომელსაც მთელი სამი კვირა ველოდით..
ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავართ მე, არანჟირება კი, როგორც ყოველთვის დავით დავიდოვს ეკუთვნის. ჩემი უცვლელი მუზა სიყვარულია, რომელიც მთავარი გრძნობაა და ჩვენი ამ ცხოვრებაში მოსვლის მისია. თუ მოგეწონებათ უთხარით ყველას, თუ არ მოგეწონებათ მითხარით მე და გამოვასწორებ რამეს, სხვას დავწერ ბოლო-ბოლო (იცინიან).
გიორგი წერეთელი – თუ თუ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წერეთელი – ლარისა. Live
გიორგი წერეთელი – მონადირე. Live
გიორგი წერეთელი. ვიდეო კოლაჟი
გიორგი წერეთელი – დავეხეტები. Live
ფოტოები