პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო მიყურადების შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მძიმე პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ყველა მოღალატე და ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე, სამაგალითოდ დაისჯება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – შესაძლებელია თუ არა აღნიშნული საქმე ხოჯევანიშვილსა და გახარიასთან მიდიოდეს – პრემიერი პასუხობს, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, უწყება ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა:
“თქვენ ახსენეთ მოღალატეების გვარები, მე აღარ მინდა, გავიმეორო, მხოლოდ ერთს ვიტყვი, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ის ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, ყველა მოღალატე და ამ ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე, დაისჯება სამაგალითოდ.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმითვე, უსუსური მცდებალობაა, რომ მთავრობასა და ეკლესიას შორის რაღაც გაუგებრობა მოხდეს, თუმცა ისე როგორც არასდროს, მთავრობასა და ეკლესიას შორის ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება:
“ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდებალობაა, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. ერთი მინდა ვთქვა, რომ დღეს ისე როგორც არასდროს არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.