საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს პოლიცია, რომელსაც საზოგადოება ენდობა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”გილოცავთ პოლიციელთა პროფესიულ დღეს. მინდა დიდი პატივისცემით მოგილოცოთ ეს დღე თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას. ძალიან დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოლიციელის ურთულესი პროფესია გაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. დღეს, ალბათ, ყოველი თქვენგანი კიდევ ერთხელ უფიქრდება საკუთარ პროფესიულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, ამაყობთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ. თქვენს ხელშია საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ, რომ წესრიგს, სიმშვიდეს, ჩვენს უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ერთგულებისთვის, სიმამაცისთვის, ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.