„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარი განმსაზღვრელი დოკუმენტის – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები შეესრულებინა”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნისადმი, ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე.
ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც ევროკავშირსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს. მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის, გახლავთ დოკუმენტი რომელსაც ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ – ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. 2016 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში ნიშნავს ნდობას, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა ჩვენს ხალხს. ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.