საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტია. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებით, სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ელოდება.
„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას გავაცანით „მწვანე პოლიტიკის” ფარგლებში მომზადებული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. ელექტრობილებით ჩანაცვლდება ჩვენი ავტოპარკი და ეს უზრუნველყოფს არსებულ გამოწვევებზე გამკლავებს და განამტკიცებს ეკონომიკის მდგრადობას. ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი სავაჭრო დეფიციტია. სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს, ვიდრე ექსპორტი. იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე და ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ბევრი სიკეთის მოტანას. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება სავაჭრო დეფიციტი“, – განმარტა პრემიერმა.
