შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობენ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე
როგორც ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, აქტიური მუშაობა გრძელდება სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე.
“აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია
პრემიერის განცხადებით, საპოლიციო ინფრასტრუქტურა ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში თანამედროვე სტანდარტებით უნდა იყოს აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი.
“ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით, 300 მილიონ ლარს შეადგენს და ეს მშენებლობები იგეგმება შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფში. გეგმაში გვაქვს, რომ ეს პროცესი 3 წელიწადში დასრულდეს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი შეეხო იმ რეფორმებს, რომელიც სამინისტროში მიმდინარეობს.
“მათ განხორციელებაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ტექნიკურ აღჭურვაში ჩვენ მხარს აქტიურად გვიჭერდნენ და დღესაც გვიჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ მადლობა გადავუხადოთ ამისთვის. სწორედ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ “აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ”.
ვრცლად იხილეთ:
პრემიერი: პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი.. სასიხარულოა, რომ ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული