“დღეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ უკვე დააკავეს ყველა, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილი იყო ეს ასე არ არის.” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ღარიბაშვილი: ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა
დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ აღარავის დააკავებენ და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია კავშირების დადგენა ხელისუფლებას და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.
დეკანოიძემ ისაუბრა “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივაზე – რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს გამოიძიებს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექნებათ შიდაფრაქციული კონსულტაციები საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, თუმცა, ნამდვილად ფიქრობენ, რომ უნდა დადგინდეს, რა მოხდა რეალურად:
“ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ იმ მწვავე კითხვებს, რომელსაც თავი აარიდა შს მინისტრმა. კონსულტაციების შემდეგ ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.
გამოძიება რომ არ მიდის ობიექტურად, ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, მათ შორის ეს იყო შს მინისტრი, რომელიც გაექცა კითხვებს მედიის პროტესტის გამო, მაგრამ დღეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ყველა დააკავეს უკვე, ვინც დანაშაულში ეჭვმიტანილი იყო. ეს ასე არ არის, 27 ადამიანის დაკავება მაშინ, როცა 53 ჟურნალისტია დაშავებული, მაშინ, როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდში ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდში, რომელსაც მერე შეუწყდა სიცოცხლის უფლება, მონაწილეობდა 20-ზე მეტი ადამიანი.
ღარიბაშვილის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არავის აღარ დააკავებენ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კავშირების დადგენა ხელისუფლებას და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.” – თქვა ხატია დეკანოიძემ.