პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიციირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას.
„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად. შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული, რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს ქსელებს შორის კონკურენციის გაძლიერებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.
