LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმატი, ომი და ინფლაცია – სურსათის ფასები კვლავ იზრდება

108
ქირიას NEWS შაბლონი

დიდ ბრიტანეთში ექსპერტები და საკვები სექტორის წარმომადგენლები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ – ქვეყანა „ნელ-ნელა, მაგრამ შეუმჩნევლად“ სასურსათო კრიზისში შედის და სიტუაცია უმართავი გახდება, თუ ხელისუფლება დროულ და სისტემურ ზომებს არ მიიღებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსები ამ პროცესს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ: კლიმატური ცვლილებების შედეგად გაუარესებულ მოსავლიანობას, გლობალურ ინფლაციას, ენერგორესურსების მაღალ ფასებს და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას, რომელმაც მიწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვნად შეარყია.

სპეციალისტების შეფასებით, ბოლო თვეებში გაერთიანებულ სამეფოში უკვე შეინიშნება სოფლის მეურნეობის სექტორზე ზეწოლა; განსაკუთრებით გვალვისა და უჩვეულოდ მშრალი გაზაფხულის გამო შემცირდა მოსავლიანობა, ხოლო ფერმერულ მეურნეობებს გაუძვირდათ საწვავი და სასუქები. ეს პირდაპირ აისახება როგორც წარმოების მოცულობაზე, ისე საბოლოო ფასებზე.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ პრობლემა მხოლოდ ამინდში ან ერთჯერად ეკონომიკურ რყევებში არ მდგომარეობს – საქმე სისტემურ მოწყვლადობას ეხება. ბრიტანეთი ძალიან არის დამოკიდებული იმპორტზე და საკვების მიწოდების დიდ ნაწილს რამდენიმე მსხვილი კომპანია აკონტროლებს, რაც ქვეყანას გლობალური შოკების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.

განსაკუთრებული შემაშფოთებელია ფასების მომავალიც – პროგნოზების მიხედვით, სურსათის ღირებულება შესაძლოა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც დაბალშემოსავლიან ოჯახებზე დამატებით ზეწოლას შექმნის. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2026 წლის ბოლოსთვის სურსათის ფასები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად უფრო მაღალი აღმოჩნდეს.

ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ გადაიხედოს ეროვნული სურსათის სტრატეგია, აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე, მარაგების შექმნასა და კრიზისული სიტუაციებისთვის უკეთ მომზადებაზე. მათი შეფასებით, სურსათის უსაფრთხოება უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი და ის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად უნდა განიხილებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g