საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა. წარდგენა ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ახალი ინსტიტუტს დევიდ მორისონი უხელმძღვანელებს.
ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.
ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში, გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. 2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.
