პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი ავსტრიელ დ შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, ასევე EBRD-ის თანამონაწილეობით განხორციელდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ამაყობს, რომ საქართველოში ასეთი საწარმო იხსნება და სასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში ასეთ მიღწევას ხედავს.
“განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტის საწარმოს ხსნი”, – განაცხადა მან გახსნის ცერემონიაზე.
პრემიერი გურიას დღეს ეწვია. გურიის შემდეგ კვირიკაშვილს აჭარაში ვიზიტი აქვს დაგეგმილი, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის – შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.