პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტის მხარდაჭერას საჭიროებს, რის შემდეგაც ის მხოლოდ საბჭოს წევრი ხდება. ამის შემდეგ სებ-ის საბჭო, ხმათა უმრავლესობით წარადგენს საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას და თუ მას პრეზიდენტი დაამტკიცებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება.
საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების დონე. დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი. ზედამხედველობა გაუწიოს მათ განხორციელებას. დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი. წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები. განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.
საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით. მისი უფლებამოსილების ვადაა 7 წელი.