LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გრძელდება

128

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად 27 იანვარი განისაზღვრა.

ამ შეთანხმებას დარგის ექსპეტრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვება.

შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს კანდიდატურის წარდგენის ვადა 27 იანვრამდე აქვთ.

27 იანვარს ექსპერტებს გადაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და ამ დღიდანვე დაიწყება შეფასების პროცედურა და როგორც გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს, პირველი ეტაპი ამ ნაწილში სწრაფად დასრულდება. ამის შემდეგ, ექსპერტების მიერ დასახელებულ კანდიდატებს პრეზიდენტი განიხილავს, შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

„სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით, კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებზე – ეს არის განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ახალმა კანდიდატმა ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძე უნდა ჩაანაცვლოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტის მხარდაჭერას საჭიროებს, რის შემდეგაც ის მხოლოდ საბჭოს წევრი ხდება. ამის შემდეგ სებ-ის საბჭო, ხმათა უმრავლესობით წარადგენს საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას და თუ მას პრეზიდენტი დაამტკიცებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების დონე. დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი. ზედამხედველობა გაუწიოს მათ განხორციელებას. დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი. წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები. განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით. მისი უფლებამოსილების ვადაა 7 წელი.

magti 5g