პრინცესა დაიანა, რომელიც მოდის დედოფლად ითვლებოდა, ყოველთვის გამოირჩეოდა მოდური გარდერობით. მისი ყოველი გამოსვლა აღფრთოვანებას იწვევდა მოდის ექსპერტებში. მიჩნეულია, რომ მან არაერთი მოდური ტრენდი გააცოცხლა მოდის ისტორიაში და თავისი ინდივიდუალური სტილი შექმნა, რომელსაც დღესაც ბევრი მიმდევარი ჰყავს.
მიუხედავად ამისა, ლედი დის გარდერობში მაინც მოიძებნა კაბა, რომელსაც ექსპერტებმა „დიდი ჩავარდნა“ უწოდეს. ეს გახლავთ კაბა 80-იანი წლებიდან, რომელიც დაიანას რამდენჯერმე ეცვა. იმ პერიოდში ძალიან მოდაში იყო კაბები გამოკვეთილი მხრებითა და დიდი საყელოებით. სწორედ ასეთია „ქეთრინ უოკერის“ თეთრი კაბა მარგალიტებით. მიიჩნევა, რომ ეს კაბა ყველაზე დიდი შეცდომა იყო ლეიდი დისთვის, რადგან ის საერთოდ არ იყო ახლოს ლედი დის ცნობილ სტილთან. ამ კაბას „ელვისის კაბა“ უწოდეს, რადგან საყელოთი ის ძალიან ჰგავდა როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის სასცენო კოსტიუმებს.
ეს კაბა დღეს „ვიქტორიასა და ალბერტის“ მუზეუმში ინახება. თავის დროზე ის აუქციონზე გაიტანეს, რათა მისი გაყიდვით მიღებული თანხით შიდსთან ბრძოლის ფონდს დახმარებოდნენ.