LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები ავეჯის ბაზარზე – რა პრეტენზიები აქვთ იმპორტიორებს და შეიცვალა თუ არა მომხმარებლის მოთხოვნები

849
shutterstock-657204568

საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, ავეჯის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა. როგორც „ფორტუნას“ „ბიას“ ონლაინკატალოგიდან მიაწოდეს ინფორმაცია, მათ ბაზაში სულ 1042 კომპანიაა, რომლებიც კონკრეტულად ავეჯის წარმოებისა და ვაჭრობის მიმართულებით მუშაობენ. მათივე ცნობით, ბოლო 1 წელიწადში ბაზარი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

„ფორტუნას“ „ბიაში“ უთხრეს, რომ კომპანიების 32%, ძირითადად, იმპორტიორია. მათ სხვადასხვა სახის ავეჯი რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვთ. ესენია: თურქეთი, იტალია, ჩინეთი, გერმანია და უკრაინა. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, ქვეყანაში, უმეტესად, მზა ავეჯი ან ავეჯის მასალები შემოდის.

აღსანიშნავია ერთი დეტალი – კომპანიების დიდი ნაწილი უმეტესად, სამზარეულოს ავეჯისა და საოფისე ავეჯის წარმოებაზე მუშაობს, რაც „ბიას“ განმარტებით, ბაზრის მოთხოვნას უკავშირდება.

რა სურს მომხმარებელს, რას აქცევს ის ყურადღებას ავეჯის შეძენის დროს – ფასებს, ხარისხს და ორივეს ერთად, გაუჭირდათ თუ არა ავეჯის იმპორტიორებს ბაზარზე საქმიანობა განვადებებთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ და როგორია მათი შეფასებები, ამ თემებზე რადიო „ფორტუნამ“ რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ კომპანიების დიდი ნაწილი კონტაქტზე არ გამოვიდა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისგან თავი შეიკავა.

ჩადეთ ფული სასტუმრო ბიზნესში, თუ სხვა სფერო გაინტერესებთ, ვალუტის კურსს დააკვირდით – ეკონომისტების რჩევები


ჩვენ პირველ რიგში „აი სი არ კორპორეიშენს“ დავუკავშირდით,
რადგან ის ავეჯის დარგში რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა: „ლაბორატორია ჩემი სახლი“, „ავეჯი“, „დეკორი“, „იტალიური შოურუმი“ და „კარე“.

„აი სი არ კორპორეიშენში“ გვითხრეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ავეჯის ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილებები ზრდის ან კლების კუთხით, არ ფიქსირდება.

„ბოლო 3 წელია, ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. თუ თითოეულ სეგმენტზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ პრემიუმ-მიმართულება მცირე ტემპებით იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომკლასის ავეჯზე. ეს გაცილებით მზარდია. მიუხედავად ამისა, წელს ზრდის ტემპი საშუალო და დაბალ სეგმენტზე მომუშავე ავეჯის ნაწილშიც კი შემცირდა, რაც რეგულაციებმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, ეკონომკლასის პროდუქციას ვინც ყიდულობდა, ძირითადად, განვადებას აკეთებდა და ახლა, განვადება ყველას ვეღარ უმტკიცდება, რაც ბაზარზე საგრძნობლად აისახა.

რაც შეეხება გაყიდვებს, ჩვენ 5 ბრენდს ვაერთიანებთ, ამიტომ შემიძლია მხოლოდ ერთი კომპანიის გადმოსახედიდან კი არ გესაუბროთ, გლობალურად შევხედო მოვლენებს. ჯამურად თუ ავიღებთ, ზოგადად გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი არის დაბალი.

ვერ ვიტყვი, რომ ავეჯის ბაზარი გაიზარდა. უბრალოდ, სავარაუდოდ, კონკურენტებიდან წამოვიდა კლიენტების ნაწილი და გაყიდვებიც ამან გაზარდა“, – აცხადებენ „აი სი არ კორპორეიშენში“.

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, მომხმარებლის მოთხოვნებითაც, რაზეც ჰოლდინგში გვითხრეს, რომ კლიენტს აინტერესებს ფასიც და ხარისხიც, თუმცა ავეჯის იმპორტორთა თქმით, მოთხოვნა, ძირითადად, მაინც საშუალო საფასო სეგმენტზეა.

„პრემიუმზე მოთხოვნა მასშტაბურად არ არის. ეს ერთეული შემთვევებია. ეკონომში უფრო დიდია მომხმარებლის მოთხოვნა, თუმცა იმ ეკონომკლასის ავეჯშიც კი ყველაზე დაბალფასიანს ეძებენ. მით უმეტეს ახლა, როცა, ლარის კურსის გამო, ფასების ზრდა მოგვიწია და ავეჯი გაძვირდა“, – ამბობენ „აი სი არ კორპორეიშენში“.

„ავეჯის სახლი ვალენტინი“, რომელსაც ქართულ ბაზარზე იტალიური ავეჯი შემოაქვს, აცხადებს, რომ ბაზარი შემცირებულია.

„ზოგადად, ბაზარი შემცირებულია, თუმცა ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, ფაქტია, შემცირდა, რასაც განვადებების კუთხით რეგულაციებს ვუკავშირებთ. რაც შეეხება მომხმარებლის მოთხოვნას, ჩვენ, უმეტესად, საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტზე ვმუშაობთ და რასაც ვაკვირდებით, პრემიუმის მიმართულებით მოთხოვნა ნაკლებია, ძირითადად, უფრო ეკონომკლასის ავეჯს ითხოვენ. ბაზრის შემცირების ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, ალბათ გაზაფხულზე გვექნება ყველაფერი დათვლილი, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ბელონას“ დირექტორი ამირან გოგრიჭიანი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რეგულაციებმა ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა დანარჩენი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია.

„ჩვენი სეგმენტი საშუალო და მაღალი კლასის შემოსავლიან ადამიანებზეა გათვლილი, თუმცა მოთხოვნა მაინც უფრო საშუალო საფასო სეგმენტის ავეჯზეა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ბაზარი ზოგადად სეზონურია. მაგალითად, ძალიან კარგი იყო ივნისი, ივლისი და აგვისტო. ცხადია, რეგულაციების გამო, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები მცირედით შემცირდა, მაგრამ მაინც კარგი პერიოდი იყო. ახლა ბაზრის გააქტიურებას ნოემბრიდან ველოდებით“, – აცხადებს გოგრიჭიანი.

ჩვენ კიდევ რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით, თუმცა ბაზრის მიმოხილვა მათ არ ისურვეს. ისინი ამბობენ, რომ ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია, რა ხდებოდა მიმდინარე წელს ავეჯის ბაზარზე, როგორ აისახა კომპანიების გაყიდვებზე რეგულაციები და ლარის კურსის ცვლილებები, შეიცვალა თუ არა მომხმარებლის მოთხოვნები და რა პროგნოზები აქვთ მომავალი წლისთვის, ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მათ გაზაფხულზე ექნებათ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას, რადიო “ფორტუნას” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ამაზე არაერთხელ გააკეთა განცხადება. მათ შორის, ბოლო კომენტარი 1 დღის წინ გაკეთდა, რაც პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია, რომელიც მიიღეს, მიმართული იყო სწორად იმისკენ, რომ არ შეიქმნას მოწყვლადობა ამ მიმართულებით.

“სხვათა შორის, უფროდაუფრო ბევრი ცენტრალური ბანკი აკეთებს აბსოლუტურად იგივეს და უფრო მკაცრ ზომებსაც იღებს, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორად და დროულად მივიღეთ ეს ზომები. თუ შევხედავთ პორტფელის ზრდას, დღევანელი მდგომარეობით, ეს არის 13,5% წლიური ზრდა, თუ მოვაშორებთ გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტს, ეს მაჩვენებლი არის ჯანსაღი და მდგრადი.

შესაძლებელია, დროის გარკვეულ პერიოდში იყოს ძალიან დიდი ზრდა, რასაც შემდეგ ძალიან დიდი შემცირება მოჰყვება. ზუსტად ეს არის ბევრ შემთხვევაში ხაზგასმული სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოცემულ ანალიზში”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი რეგულაციების შერბილებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს სესხის აღებაზე. მაგალითად, 200 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, ასევე, შემოსავლების დადასტურების გარეშე საფინანსო ინსტიტუტები ვერ გასცემენ სესხს და დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც დაწესებულია გარკვეული ლიმიტები. ბანკებს განვადებების დროს ასევე უწევთ მომხმარებლის ისტორიის დეტალური შესწავლა და შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე განვადებები აღარ მტკიცდება. რეგულაციების მთავარი მოტივი ის იყო, რომ სესხი ან განვადება მხოლოდ იმ ადამიანებმა აიღონ, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს და გადახდისუნარიანია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g